“არ მგონია, ოთარ დანელია პრემიერობას დათანხმდეს, როცა ქვეყანა იქცევა” – დავით ჭიჭინაძე

„სამწუხაროდ, ეტყობა, პრემიერ-მინისტრმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და ამიტომაც არ ტოვებენ სამსახურში. ახალ სტაჟიორად ვის მოიყვანენ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე  სამთავრობო ცვლილებებსა და პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას

დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის შესაძლო განხილვაზეც ისაუბრა.

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს ვინმე განსახილველი?! ყველანი უკვე კოლექტიურები არიან. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის რა თანამდებობა ექნება, მთავარია ბიძინა ივანიშვილი ვის წყალობს. არამგონია, რომ გახარიას ნაკლები წყალობა ჰქონდა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ვიდრე პრემიერ-მინისტრს. არც გახარიას აღიქვამენ სერიოზულად და არც ბახტაძეს, ყველამ ვიცით, ვინ რას წარმოადგენს“, – განაცხადა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში“.

ამასთან, დამოუკიდებელი დეპუტატის შეფასებით, დეპუტატი ოთარ დანელია, რომელზეც ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერად განიხილება, გონიერი ადამიანია და მსგავს წინადადებას არ დათანხმდება.

“ვფიქრობ, ოთარი საკმაოდ გონიერი ახალგაზრდაა. მას კარგი გამოცდილებაც აქვს და არ მგონია, დათანხმდეს. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობა, როდესაც შეიძლება, ქვეყანა დღეს-ხვალ წაიქცეს, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არც ეკონომიკური პოლიტიკა არსებობს და რა მოთხოვნა არის, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, კლანური მმართველობაა ჩვეულებრივი, არ მგონია, დანელია რომელიმე კლანის მმართველობისთვის ოცნებობდეს, მთელი ცხოვრება რომ ვიღაცას ემსახუროს. ვიცნობ ოთარს, საკმაოდ კარგად, ვიცი ამ ადამიანის პოტენციალი. შეუძლია, ქვეყანას საკმაოდ წარმატებით ემსახუროს, მას ეს ამბიციაც გააჩნია.  აქედან გამომდინარე, არ მგონია, დათანხმდეს ამ მდგომარეობაში ასეთ მეორეხარისხოვან როლს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები