ძლიერმა წვიმამ ცენტრალური ევროპის რეგიონები დატბორა – არის მსხვერპლი

ძლიერმა წვიმამ ცენტრალური ევროპის რეგიონები დატბორა. უცხოური მედიის ცნობით, პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთში ადამიანი დაიხრჩო, ავსტრიაში კი მაშველი დაიღუპა. ასევე, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში.

ამასთან, პოლონეთის ქალაქ გლუხოლაზში დატბორვის შედეგად ხიდი ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთ მთიან დასახლებაში, სადაც კაშხალი გასკდა, ხიდის ჩამონგრევასთან ერთად წყალმა სახლიც წაიღო.

მათივე ცნობით, წყლის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუაციას სახლის სახურავებიდან ითხოვს. ქალაქის უმეტეს ნაწილში ისეთი ვითარებაა, რომ მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება მისვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ყველაზე ძლიერად ჩეხეთისა და პოლონეთის ზოგიერთ რეგიონს შეეხო, სადაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი დატბორვა მოხდა. შედეგად, ჩეხეთში დასახლებების ევაკუაცია გახდა საჭირო, ხოლო 250 000-მდე სახლი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა.

მსგავსი თემები