21 წლის გოგოს მკველობაში ბრალდებული აცხადებს რომ ინანიებს

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, რომ დანაშაულს ინანიებს და სხვა არაფერი აქვს სათქმელი.

ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლო პროცესზე დღეს  დასკვნითი სიტყვით წარსდგა. ამ დრომდე კი დუმილის უფლებას ინარჩუნებდა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ის მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერული ნიშნით არ ჩაუდენია.

„მტკიცებულება არ არსებობს, რომ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს…

ბრალდების მხარემ განსხვავებული მოპყრობის, დისკრიმინაციული ფაქტი ვერ დაადასტურა. დაცვა აცნობიერებს, რომ ოთარ ცინდელიანმა ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა ჩაიდინა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველია… თავისუფალი ადამიანური ურთიერთობა ჰქონდათ, როგორიც სექსუალურ პარტნიორებს აქვთ”, – აცხადებდა პროცესზე ადვოკატი  გელა ტყეშელაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ოთარ ცინდელიანი ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული.

„ბატონო მოსამართლევ, თხოვნა იქნება, ოთარ ცინდელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნას ცნობილი, ის დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი 108-ე მუხლით”,- მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები