ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს

ისრაელში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც მთავრობისგან „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების მიღწევას ითხოვენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაფიცვა შეეხო სკოლებს, ბანკებს, საავადმყოფოებს, ტრანსპორტის მოძრაობას, აეროპორტის მუშაობას. ბლოკირებულია გზები. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გაფიცვა დღის ბოლომდე დასრულდება.

გაფიცვას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები უძღოდა, რომლებშიც ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საპროტესტო ტალღა ისრაელში მას შემდეგ აგორდა, რაც ღაზის სექტორში 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.

,,ცაჰალის“ ცნობით, ისინი „ჰამასის“ გვირაბში ისრაელელი სამხედროების შეღწევამდე ცოტა ხნით ადრე მოკლეს.

ამ ეტაპზე, ღაზაში მყოფი მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ 251 ადამიანი გაიტაცა, 1 200 კი თავდასხმის დროს დაიღუპა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაში დაწყებულ სამხედრო კამპანიას უკვე 40 530-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები