,,ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი პოსტულატს მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, არჩევნებამდე შევიტანოთ ჩანაწერი კონსტიტუციაში” – ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი წერს, რომ მთელი ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი პოსტულატს მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით და არჩევნებამდე შეიტანონ ჩანაწერი კონსტიტუციაში.

,,გურიაში „ქოცებმა“ განაცხადეს, რომ ოქტომბერში არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება სჭირდებათ, რათა ქვეყნის ცხოვრებაში განსაზღვრონ საქართველოს ეკლესიის მაღალი როლი შემდეგი ფორმით: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.

რამდენიმე კითხვა „რუსულ ოცნებას“: ვინ არის ამის წინააღმდეგი? რატომ დასჭირდათ 12 წელი იმის აღმოსაჩენად, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დიდი როლი აქვს? რატომ გაახსენდათ ეს ამ არჩევნების წინ? ახსოვთ თუ არა „რუს ქოცებს“, რომ ვითომ ერთმორწმუნე რუსებმა დაგვიხოცეს პატრიარქები და გაგვიუქმეს ავტოკეფალია?

ხვალ, 3 სექტემბერს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება და რატომ უნდა გადავდოთ ეს კარგი საქმე – მთელი ოპოზიცია მზადაა, სექტემბერშივე უყაროს კენჭი ამ პოსტულატს და არჩევნებამდე შევიტანოთ ჩანაწერი კონსტიტუციაში.

„ქოცებო“, ეს ტრიუკები აღარ გაგივათ. ვადა გაუვიდა თქვენს პოლიტიკურ აფერისტობას – ჩათვალეთ, უკვე ოპოზიციაში ხართ!”, – წერს ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები