ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის. მათივე ცნობით, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აქტიურ სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის. პარალელურად, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით საეპისკოპოსო სახლის კონსტრუქციული მდგრადობის დასადგენად ნატურაში გრძელდება საინჟინრო კვლევითი სამუშაოები. გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება, რაც, შესაბამის საპროექტო სამუშაოებთან ერთად, ტაძარზე ჯვრის აღმართვის აუცილებელი წინაპირობაა. ამასთანავე, ინტენსიურად მიმდინარეობს ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათისა და კარიბჭე-სამრეკლოს საპროექტო-კვლევითი სამუშაოები“- ნათქვამია განცხადებაში.

25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთ მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

 

 

მსგავსი თემები