“ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე”- გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები

მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ რუსეთს მოუწოდა, რომ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს სამხედრო ძალები. ამის შესახებ, მან განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ – გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“ – განაცხადა ფრანჩესკა გატიმ.

მისი განმარტებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და, უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებას. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დასჯილი“ – დასძინა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.

აღნიშნული განცხადება, მალტის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების, საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, მალტას, ასევე მომავალი წევრების – საბერძნეთისა და დანიის სახელით გააკეთა.

მსგავსი თემები