„თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ ლარს გადასცემენ“- რა თანხებს მიიღებენ სხვა მედალოსნები

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა. კახა კალაძის განცხადებით, თითეული თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს მიიღებს. ფულადი საჩუქარი გადაეცემათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს.

“თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 250 ათას ლარს მიიღებს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის მეთაურს. ეს წამახალისებელია ქართველი სპორტსმენებისთვის, რაც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს. ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულ ჟინს ვერაფერი დაამარცხებს და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი. ამ პატარა ქვეყანას ამდენი წარმატებული ადამიანი და სპორტსმენი ჰყავს. მანამდე ჩვენმა ფეხბურთელებმა გაგვახარეს, ისტორია დაწერეს. მეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა. ვულოცავ კიდევ ერთხელ ყველა სპორტსმენს, მადლობას ვუხდი ჩვენი გახარებისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ“ – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს, სამწვრთნელო და სამედიცინო გუნდს გადაუხადა.

მსგავსი თემები