უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელგრამ არხების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს დასახლებები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვედრლიკოვო. ამასთან, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ბრძოლა გრძელდება კურსკის ოლქის დასახლება გონჩაროვკასთან და ოლეშნესთან.

ტელეგრამ არხების ცნობით, კურსკის ოლქში საერთო ჯამში 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს.

რუსული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას რუსეთის ტერიტორიის შიგნით, ქალაქ სუჯისკენ. ქალაქი ფაქტობრივად ევაკუირებულია. ბლოგერების ცნობით არაა გამორიცხული, რომ უკრაინელი სამხედროების მიზანი გაზსაზომი სადგურის განადგურება იყოს. ადგილობრივი ხელისუფლება და რუსეთის თავდაცვის უწყება კურსკში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით დეტალებს არ ავრცელებს.

კურსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ „ოლქი გმირულად უწევს წინააღმდეგობას უკრაინელი ნაცისტების შეტევას“ და საგანგებო სიტუაციების სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ალექსეი სმირნოვი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს ჩააბარონ სისხლი.

შვიდი აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯას სიახლოვეს. შედეგად არიან დაჭრილები. ასევე ვრცელდება ცნობა, რომღამით კურსკის ოლქში ჩამოგდებულია სამი რაკეტა და 4 უპილოტო საფრენი აპარატი. კურსკში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაშავებულია 28 ადამიანი. ბოლო 24 საათში დაიღუპა სამი მოქალაქე.

მსგავსი თემები