კობახიძე ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერი კირ სტარმერი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში მასპინძლობს.

მთავრობის ცნობით, კობახიძე სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა. ასევე, კობახიძის კოლეგებთან კომუნიკაციისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება.

,,ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან.

დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისა და შავი ზღვის რეგიონისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ევროპელ პარტნიორებთან საუბარი გვექნება კონკრეტულ პროექტებზეც”, – თქვა კობახიძემ.

მსგავსი თემები