,,როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიდის ღია ტერორის კამპანია, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება” – პაპუაშვილი

„როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიდის ღია ტერორის კამპანია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება. მე კვლავ ვაკვირდები გააგრძელებენ თუ არა ორგანიზაციები და ქვეყნები თანამშრომლობას იმ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც რადიკალური დღის წესრიგით და პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული. ვინმეს თუ უნდა, რომ ამით ხელი რამეს დააფაროს, ეს მათი პრობლემაა“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე უმრავლესობის მიმართ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გაკეთდა ცილისმწამებლური განცხადებები.

„როცა თქვენ საუბრობთ სხვადასხვა ფაქტებზე და ამბობთ, რომ თითქოს რაღაც ორგანიზებულია უმრავლესობის თუ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ცილისწამება, რადგან თქვენ ამის საფუძველი არ გაქვთ და პირიქით, ადგილი აქვს ზიზღის, ძალადობის და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წევრების წინააღმდეგ. აქ ხომ ხილულად ვიცით რაც ხდება. ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ღიად დაკავებული არიან ტერორით.

როცა ადამიანს ემუქრები ტყვიით, ურეკავ, შეურაცხყოფას აყენებ და საჯაროდ მიუვარდები – ეს არის ზუსტად ტერორი და თქვენ ამაზე რეაგირება არ გაქვთ, რაც გასაგებია. ხოლო ის რაც იკადრა ქალბატონმა თეონა აქუბარდიამ, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ იმ პოლიტიკური მორალის ადამიანების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან, ეს გასაკვირი არ არის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები