,,ყოველ ჯერზე, როცა ვკითხულობ კობახიძის კომენტარებს, გაოცებული ვარ” – აუსტრევიჩუსი

თვის ბოლოს, ევროკავშირის სამიტზე, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოსთვის ოპტიმისტური გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება და ვარაუდობს, რომ ევროკომისიის პირობა იგივე იქნება – შესრულდეს 9 ნაბიჯი და დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ გზას იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპი.

,,არ მგონია, რომ სიტუაცია ოპტიმისტური იყოს, მე ვფიქრობ, რომ ევროპული კომისია იგივე პირობებს დააყენებს საქართველოსთვის და საბჭო ამას დაუჭერს მხარს. ჩვენ შევახსენეთ საქართველოს, რომ ეს ყველაფერი ეხება დემოკრატიულ განვითარებას და ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიულ განვითარების გზას. ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებები არ არის დემოკრატიული და გამჭვირვალე და გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველი, რომ საქართველო მიაღწევს დასახულ მიზნებს. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ამ გზას და ორიენტაცია შეცვალა.

მე ვფიქრობ, რომ კრიტიკული შეფასება ექნება საქართველოს ეფექტურობას ამ პერიოდში და გამაფრთხილებელი გზავნილი გვექნება მთავრობისთვის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს პირობები და პირობები, რომლებიც ეხება დემოკრატიას არის უპირველესი. ამიტომ, მმართველმა პარტიამ უნდა დაიცვას წესები და არ უნდა ჰქონდეს გაოცებული სახე და არ უნდა თქვას, რომ ყველაფერი გააკეთეს. მაგრამ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია დამდგარიყო”, – ამბობს აუსტრევიჩუსი ,,დღის სტუმრის” ეთერში.

ევროპარლამენტარი ეხმაურება პრემიერ კობახიძის ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას და ამბობს, რომ მისი ყოველი კომენტარის წაკითხვის შემდეგ, გაოცებულია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ევროკავშირთან კომუნიკაციის მეთოდს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და ივანიშვილის გადაწყვეტილებებით, საქართველოს ევროპული კურსი, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მსგავსი თემები