,,EU სჭირდება ყველა ევროპელს; უკრაინელებს, მოლდოვას, საქართველოს მოსახლეობას, ბალკანეთის სახელმწიფოებს” – ზელენსკი

ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და რუსული აგრესიის წინაშე, ევროპის ერთიანობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს, ვინც იზიარებს საერთო ღირებულებებს: უკრაინელებს, ქართველებს, მოლდოველებს და ბალკანეთის სახემწიფოებს.

,,როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური განწყობები ევროპაში, ჩვენი რეალობა ასეთია: ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს გამონაკლისის გარეშე, ყველა ერს, რომელიც იზიარებს მთელი ევროპის საერთო ღირებულებებს და სურს, როგორც ჩვენ, იცხოვროს მშვიდობიანად. უკრაინელები ასეთი ერია. ისევე, როგორც ჩვენი მეზობლები მოლდოვაში, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც პატივს სცემენ ევროპას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას.

აუცილებლად დადგება თავისუფალი ბელარუსის დროც, ბელარუსის დრო ევროპაში. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობას, დაყოს და შეასუსტოს დემოკრატიული მსოფლიო. ეს არის ბრძოლა ხალხის მოტივაციისთვის, იმ შეგრძნებისთვის, ნარჩუნდება თუ არა ნორმალური ცხოვრება. ასეთ დაპირისპირებაში გაძლება და გამარჯვება არის კომპლექსური სამუშაო. ეს არის ძალისხმევა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვისთვის, ამ ომის წინაშე ჩვენი საზოგადოების მდგრადობის უზრუნველყოფისთვის და ჩვენი საერთო ევროპული ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის, იმ ცხოვრების, რომელსაც პუტინი, პუტინის რუსეთი ანადგურებს ყველაფერს ყველგან, სადაც კი ფეხს დადგამს.

ეს იწყება დანაწევრებითა და ჰიბრიდული ომით, როგორც ეს მოლდოვასა და საქართველოში იყო, შემდეგ კი ხდება ტოტალური ომი, როგორიც არის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ომის ორი წლის განმავლობაში უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ და გაუძლონ თავდამსხმელებს. ჩვენ შეგვიძლია, ოკუპანტებს უკან დახევა ვაიძულოთ და უკრაინისთვის აუცილებელია გამარჯვების მიღწევა. ჩვენ დავიბრუნეთ შავი ზღვა და თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების დამსახურებით გვაქვს მტკიცებულება, რომ შეგვიძლია ნებისმიერი რუსული რაკეტების და დრონების ჩამოგდება”, – აღნიშნა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები