მთავრობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევს -კობახიძის ბრიფინგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით. ამის შესახებ, მან ბრიფინგზე ისაუბრა.

„ხვალ დაგეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ – მისი მიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ  ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით“- ამბობს კობახიძე.

პრემიერი თქმით, საზოგადოების უმრავლესობამხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას.

„სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“- აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები