ირაკლი კობახიძე – „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ასე არ არის, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ

ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და „ვეტინგი“ არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2004-2012 წლებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ „ვეტინგი“.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის „ვეტინგი“. ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას. ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის. ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ვეტინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და „ვეტინგი“ არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ, მაგრამ დღემდე ვერავინ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ვეტინგი“ არ ხელყოფს სამართლის უზენაესობის პრინციპს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, შესაბამისად, დაველოდებით არგუმენტებს, მაგრამ დღემდე ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ.

ჩვენ ველოდებით არგუმენტებს, რადგან არ შეიძლება, არგუმენტების გარეშე მოგვთხოვონ სახელმწიფო სუვერენიტეტის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა, იყო სწორედ „ვეტინგი“. ახლა უნდათ, რომ ოპოზიციამ „ვეტინგით“ დაიმორჩილოს სასამართლო ხელისუფლება. ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი. ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ ვიღაცამ ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები