პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა 3 ოქტომბერს გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესში მონაწილეობას წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები