,,სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა”- ირაკლი კობახიძე

სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება.

„რაც შეეხება ორგანიზატორებს, სამართლებრივად ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე იყო შეუძლებელი. რატომ? იმიტომ, რომ არ დგინდება არცერთი ფაქტი, სადაც მოხდა დანაშაულის ორგანიზება. დანაშაულის ორგანიზება, ეს არის სამართლებრივი კატეგორია. ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან სამართლებრივად, ვინ იყო ორგანიზატორი. მინდა, შეგახსენოთ, როცა აქ, პარლამენტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები, ორგანიზებული იყო შეკრება. უფრო მეტიც, მაგალითად, ადამიანებს მოუწოდეს, რომ ალყა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის და ამ ალყას მოჰყვა შემდეგ პირდაპირ ძალადობრივი აქტი. თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, რასაც თქვენ ითხოვთ, ამ შემთხვევაში მაგალითად, პირველი დასაჭერი არის გიორგი ვაშაძე, დასაჭერები არიან ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგრამ ეს არის დაბალი სტანდარტი. ძალიან სარისკოა ეს დაბალი სტანდარტი. სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს არის სამართლებრივი მოცემულობა. თუ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები