ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მომხმარებელთა დაცვის კანონის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორის მე-7 სესიაზე ანგარიში წარადგინა

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე შვეიცარიაში ქ. ჟენევაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.  საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორში მიღწეული შედეგების, განხორციელებული რეფორმების და მიმდინარე ტენდენციების გაცნობის მიზნით, ირაკლი ლექვინაძე UNCTAD-ის მომხმარებელთა დაცვის კანონის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორის ექსპერტთა მე-7 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

„2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომელიც ევროდირექტივების სრული დაცვით არის მომზადებული. 2022 წლის 1 ნოემბრიდან, მომხმარებლის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. მომხმარებლის მხრიდან მომართვიანობა მზარდია. რვა თვის განმავლობაში, ათასობით მომხმარებლის უფლება იქნა აღდგენილი, ათობით კომპანიამ შეცვალა თავისი შიდა პოლიტიკა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა. პრეცედენტული იყო რამდენიმე საქმე. კერძოდ, დადგინდა ონლაინ ვაჭრობის დროს ფასის მითითების, სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნის, მომხმარებლის ინფორმირების და ქართულ ენაზე მომსახურების სტანდარტები და ა.შ. ჩვენი უწყების საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.

ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო კოლეგა უწყებებთან. სააგენტო აღსრულების პროცესში აქტიურად იყენებს გაეროს გაიდლაინებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“.  აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები. ხუთი მარეგულირებლის ეგიდით, 2022 წელს ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების შესახებ, სადაც 50-მდე უცხოელი ექსპერტი და 20-მდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

მომზადდა მომხმარებლის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის პირველადი ვერსია, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე იქნება მიღებული. ასევე, დამუშავებულია და მესამე მოსმენით მიღებულია ცვლილებები კანონში, რომელიც უწყების საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის. მინდა აღვნიშნო, რომ დაწყებული რეფორმები გრძელდება. 2023 წლის ბოლოს, იგეგმება „ტურიზმის შესახებ“ კანონის მიღება, რომელიც ორ დირექტივას აერთიანებს“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში შეტანილი წვლილისთვის, მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადა.

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მომხმარებელთა დაცვის კანონის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების მე-7 სესია 2023 წლის 3-4 ივლისს იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ჩანიშნულია კონკურენციის სამართლის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების 21-ე სესიაზე, რომელიც 5-7 ივლისს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD)  ორგანიზებით, ჟენევაში იმართება.

მსგავსი თემები