„ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ“ – ო’სალივანი 

„უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ“ – ეს განცხადება მედიასთან სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანმა გააკეთა.

მისი შეფასებით, ამჟამად იმ სწავლობენ სანქციების გვერდის ავლის საკითხს, კერძოდ კი უკრაინის ბრძოლის ველზე საჭირო 38 პროდუქტზე, რომელიც აღმოჩენილია ბრძოლის ველზე უკრაინელების მიერ და რომლებიც გამოყენებულია რუსული იარაღის გასაძლიერებლად.

„განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული, თუ ხდება ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამის გამო ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეში რამდენიმე ქვეყანაში ვიმყოფებოდით ვიზიტით, ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე და ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით საქართველოში. უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ“ – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

ო’სალივანის შეფასებით,  ევროკავშირი ისურვებდა მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც.

„ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივი მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას. ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად. ისინი იღებენ მნიშვნელოვან ზომებს საქართველოდან ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით… ჩვენ აქ ჩამოვედით პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. კერძოდ, ჩვენ, ევროკავშირსა და საქართველოს, რომელიც, იმედია, ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი, გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი. სანქციების ეს საკითხი, რომლითაც გარკვეული დრო ვიქნებით მოცული,  ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ, რომ ეს არ გახდეს დაბრკოლება ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობებისთვის“ – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები