,,ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება იტყუება, თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად”- ბუჩუკური

,,ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა თავისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით,  ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე.

„გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე პირდაპირ, შავით თეთრზე მიუთითა, რომ ის ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. შესაბამისად, ის არ უნდა იქნას მიღებული. კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა თავისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა: საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე – გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე. ანუ ფაქტობრივად, მსგავსი კანონპროექტის ინიცირებაც ადასტურებს ოლიგარქიული მმართველობის არსებობას,”- განაცხადა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, ამ პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სისტემური რეფორმებით.

,,ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება იტყუება, თითქოს ის აკეთებს ყველაფერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ვაჭრობს საქართველოს, ქართველი ხალხის მომავლით და მზად არის, სრულად გადაუსვას ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ ყველა პროგრესს საკუთარი, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის გამო,”- განაცხადა ბუჩუკურმა.

 

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული – ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

მსგავსი თემები