დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული – ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული. როგორც ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული, ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა.

„ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, საფრთხე იმისა, რომ კერძო ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის საფრთხე ინდივიდუალური პირის ხელში აღმოჩნდება, გამჭვირვალობის, ლეგიტიმურობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე, შესაძლოა, არსებობდეს თითქმის ყველა ქვეყანაში. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და აამოქმედა ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ინსტიტუციონალური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა შეამციროს ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მსგავსი გავლენის რამდენიმე ადმიანის ხელში კონცენტრაციას მოაქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის. იმ ქვეყნის კონტექსტიდან გამომდინარე, რომელსაც ეს ეხება, მოიცავს ზომებს, მაგალითისთვის: კონკურენციის სფეროში ეფექტური პოლიტიკა, ბრძოლა კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან, მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფის ზომები, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დადგენა და ა.შ.”- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმის ნაცვლად, რომ ამ მრავალ სექტორალურ, სისტემურ მიდგომას მიჰყოლოდა, საქართველომ გადაწყვიტა ოლიგარქიზაციის დამანგრეველ გავლენასთან საბრძოლველად, სხვაგვარი „პერსონალური მიდგომა“ აირჩია და მოამზადა დე​ოლიგარქიზაციის კანონი.

,,დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, დაამტკიცოს „სისტემურის“ გარდა, როგორ და რამდენად საჭიროა ის პერსონალური ზომები, რომლებიც რჩება შესწორებულ კანონპროექტში, ოლიგარქიული გავლენის არა მხოლოდ ნაწილობრივ, არამედ მთლიანად დასაძლევად. მართლაც, ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის ნაცვლად, დეოლიგარქიზაციის ამ ტიპის კანონმდებლობა ქმნის რისკს, ხელისუფლებაში მყოფთა ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო იარაღად იქცეს. ვინაიდან, ამ ეტაპზე ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ შესწორებულ კანონპროექტში ცვლილებებმა შეიძლება, აღმოფხვრას გარდაუვალი უთანხმოება ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში, ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და საჭიროა „სისტემური“ მიდგომა,”- ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი თემები