მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე კვირას პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ვეტოს დაძლევის საკითხზე დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად. კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა ხორციელდებოდეს იმ გამოწვევების შესაბამისად, რაზეც ხშირად არის ხოლმე – დევალვაცია, ინფლაცია, ფასები და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული, საბოლოოდ იქნა დღეს ეს გადაწყვეტილება მიღებული“ – აღნიშნა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, ვეტოს დაძლევა მიმდინარე სასესიო კვირას მოხდება.

„მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. ერთადერთი განსხვავება, რაც  ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის არსებობს, ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი. სხვა განსხვავება არ არის. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამ საკითხზე არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები