„დეოლიგარქიზაციის კანონში ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი ჩაიწერება“ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ევროკომისია არ მოხსნის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხს, მაშინ კანონპროექტის ამოქმედების ვადა მომდევნო წლის პირველი მარტი იქნება.

„ვენეციის კომისიის დასკვნით, ექვსივე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული. ერთადერთი მინიშნება, შეიძლება, ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და კიდევ დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ამას, მოვიქცევით ასე – დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, თუ ასე მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შემდეგი წლის დასაწყისში, პირველივე სხდომაზე, გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის პირველი მარტიდან“ – აღნიშნა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები