სურამში, ხეებისთვის ბეტონის ფენის მოხსნა მიმდინარეობს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში ხეებს ბეტონის ფენას ხსნიან.

უწყების ცნობით, მოხდება გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა – მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლა და შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი.

,,11 მაისს, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა გამოავლინეს სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი, რომლებზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

უნდა აღინიშნოს, რომ 11 მაისის მდგომარეობით, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიებზე, არ ფიქსირდებოდა სამუშაოების, კერძოდ ბეტონის დასხმის არანაირი კვალი. სამართალდამრღვევმა, აღნიშნული ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები 12-14 მაისს (უქმეებზე) განახორციელა.

15 მაისს, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდგომ, ვითარების შესწავლის მიზნით, ადგილზე გავიდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი – 267 კვ.მ. წარმოადგენს სახელმწიფო ტყის, ხოლო – 117 კვ.მ. მუნიციპალურ ტერიტორიას.

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბეტონის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ, მოხდება გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა – მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლა და შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები