დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის ელჩს მოსამართლეებში განხეთქილების შეტანაში ადანაშაულებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადება მოსამართლეების შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით პროვოკაციულია და ის მოსამართლეებში განხეთქილების შეტანას ემსახურბა.

„ათი მოსამართლე 26 მარტი 7 აპრილის განმავლობაში იყო სასწავლო ვიზიტით აშშ-ში. პროვოკაციული იყო ის განცხადება, რაც გუშინ გავრცელდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, რომ ისინი ამაყობენ კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეებით. ესეთი განცდის, აღქმის შექმნა უნდოდათ, როგორც ჩანს, რომ აი, ესენი არიან, ვინც ამერიკაში მიბრძანდებიან სასწავლო ვიზიტით, ესენი არიან კარგი მოსამართლეები. დანარჩენი, ვისაც კრიტიკული პოზიცია გვაქვს ამერიკის მესვეურთა ქმედებებთან მიმართებაში, ვართ ცუდი მოსამართლეები. ანუ გათვლა, ისევე როგორც იმ სანქცირების გათვლა იყო განხეთქილების შეტანა“ – აცხადებს გვრიტიშვილი.

მისივე განმარტებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება მუქარის შემცველიც იყო.

„ასევე, იყო გზავნილი თითოეული მოსამართლის მიმართ, რომ აი, თქვენ თუ ჭკვიანურად არ მოიქცევით, ისეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ, რომელიც მოეწონება ამერიკის ელჩს, მაშინ იგივე ბედი გელით, რაც ვთქვათ დაემართათ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, შენგელიას. მეორე მხრივ გათვლაა იმაზე, რომ თუ ამერიკაში წახვალ, კარგი მოსამართლე ხარ, თუ არ წახვალ, ცუდი. მიზანი ერთია – სისტემის პარალიზება და შემდგომში გავლენის მოპოვება ამ სისტემაზე“ – დასძენს მოსამართლე გვრიტიშვილი.

 

მსგავსი თემები