კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრე ვალდებულია მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ლანა ყანჩელის განცხადების საფუძველზე, „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზას“ მიმართ დაწყებული საქმის შესწავლა – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში მოვაჭრეს დაევალა – იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა. კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. ასევე, ინფორმაცია და წერილობითი დოკუმენტები ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს.

,,გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.

მსგავსი ტიპის საქმეებში, საკითხის შინაარსობრივი ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან აქტიურად თანამშრომლობს.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის მარტის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 194 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, 118 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, ხოლო 109 საქმესთან დაკავშირებით საკითხი დასრულებულია. 5 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე – 28 შეთანხმება გააფორმა, საიდანაც 11 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 5 დარღვევის ფაქტი – 16 საქმეზე, ხოლო 2 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა,”- ნათქვამია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები