„უნგრეთის პრემიერის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას” – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ პათოლოგიურ უპატივცემულობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უკრაინის საგარეო უწყება გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უკრაინას შეუძლია, ბრძოლა განაგრძოს მხოლოდ მანამდე, ვიდრე აშშ მას ფულსა და იარაღს აწვდის“.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება აჩვენებს პათოლოგიურ უპატივცემულობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის, ასევე, მის საკუთარ პოლიტიკურ ახლომხედველობას. ომში უკრაინის დამარცხება, რომლისკენაც ვიქტორ ორბანი ირიბად მოუწოდებს, გამოიწვევდა რუსეთის აგრესიის პირდაპირ საფრთხეს უნგრეთისთვის და უნგრელებისთვის. უნგრეთის ლიდერმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა მას მშვიდობა. თუ პასუხი დადებითია, უნდა გამოიყენოს თავისი მჭიდრო კავშირები მოსკოვთან, რათა მან შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და გაიყვანოს ჯარები“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები