„ვროკავშირი იყო წლის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური თემა, რაც ზრდის პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას და ინტერესს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”- მაკა ბოჭორიშვილი

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მქონდა ბევრ თქვენგანთან და ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. ევროკავშირი იყო წლის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური თემა, რაც ბუნებრივია, ზრდის პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას და ინტერესს ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, –  ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების გარდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარ საფუძვლად რჩება ასოცირების შესახებ შეთანხმება და ამ მიმართულებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი.

მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, საპარლამენტო დიპლომატიაზე და ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საპარლამენტო დიპლომატიას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა წლის განმავლობაში და ეს კვლავაც გაგრძელდება, რადგან წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ევროპარლამენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ევროპარლამენტის წევრების  ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობასა და  ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ერთია როდესაც ჩვენ ჩავდივართ და ვესაუბრებით სხვადასხვა პოლიტიკოსებს პოლიტიკური პარტიებიდან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია როცა ისინი ჩამოდიან საქართველოში და საკუთარი თვალით ნახულობენ აქ არსებულ ვითარებას, იმიტომ, რომ უმეტესწილად, აქ განხორციელებული ვიზიტებისა და შეხვედრების შემდეგ, ის კითხვები რაც მათ აქვთ ხოლმე – ქრება“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ელჩების კონფერენცია ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

მსგავსი თემები