საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებაა – ნახეთ რა ვალდებულება ექნებათ კლინიკებს

„მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს“, – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი საერთაშორისო კომპანიიდან შეეძლებათ.

„სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლონ. ეს ჩვენს მიერ შეთავაზებული ხუთი მააკრედიტებელი საერთაშორისო კომპანიიდან იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 2024 წლიდან, სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირებაც სავალდებულო გახდება.

„ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სახარჯი აღჭურვილობა თუ  მასალა ჩვენს მიერ მკაცრად იქნება გაკონტროლებული, ვინაიდან ეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა  ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები