საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს. კვლევის მიხედვით, არავაქცინირებულები უფრო ხშირად ხდებიან ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლნი.
„ხალხური ჟარგონით „ფეხებზე მკიდია“ სასტავია. ამ ადამიანების უმეტესობას არ ადარდებთ საზოგადოებრივი წესრიგი, არ ადარდებთ საზოგადოებრივი ნორმები. მათთვის სიჩქარის გადამეტება და საგზაო წესების დარღვევა „თავისუფლების” შეზღუდვაა. ეს კანადაში, და საქართველოში…. სრული ბესპრედელია…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის, 2021 წლის ზაფხულში კანადელმა მკვლევრებმა შეისწავლეს 11 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის დაშიფრული ჩანაწერები, რომელთაგან 16%-ს არ ჰქონდა გაკეთებული COVID-ის ვაქცინა. მათ დაადგინეს, რომ არავაქცინირებული ადამიანები 72%-ით უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი მძიმე საგზაო ავარიაში, რომლის დროსაც სულ მცირე ერთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ვიდრე ვაქცინირებული.
ავტორები ვარაუდობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებს, შესაძლოა ასევე „უგულებელყოფენ საგზაო უსაფრთხოების ძირითად მითითებებს“.