„ჩემი შენ გითხარიო… კობახიძემ ყველა პრობლემა ჩამოარაკრაკა, რაც მის პოლიტიკურ გუნდს აქვს”- ანა ნაცვლიშვილი

„ჩემი შენ გითხარიო… კობახიძემ ყველა პრობლემა ჩამოარაკრაკა, რაც მის პოლიტიკურ გუნდს აქვს და თქვა, ევროპარლამენტშია ეს პრობლემებიო,”- ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ”თუ ევროკავშირს ჩალის ფასი აქვს, რატომ ატყუებენ ამომრჩეველს, რომ ევროკავშირისკენ მიჰყავთ ქვეყანა”.

„ამ ყველაფერზე მახსენდება ქართული გამონათქვამი, “ჩემი შენ გითხარიო” – ეს არის, რასაც ირაკლი კობახიძე ეუბნება ევროპარლამენტს, ყველა ის პრობლემა ჩამოარაკრაკა, რაც მის პოლიტიკურ გუნდს აქვს და მერე თქვა, ევროპარლამენტშია ეს პრობლემებიო. სასაცილოც არ არის, იმდენად არასერიოზულია ეს ამბები. კობახიძემ ახსენა კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში, მე მინდა შევახსენო, ნებისმიერ პარლამენტში არის პრობლემები, მაგრამ პარლამენტის სიჯანსაღეს განსაზღვრავს ის, რომ როცა პრობლემებია, ამას არავინ არ ჩქმალავს. თუ კობახიძე მოიტანს ერთ შემთხვევას მაინც, როცა პარლამენტს შიგნით ან გარეთ მმართველი გუნდის მხრიდან მოხდა მძიმე დარღვევა და ამაზე მმართველი გუნდის წიაღში მაინც იყო რეაგირება, დასჯაზე საუბარი აღარ არის, მაშინ შეიძლება თამამად ისაუბროს, მაგრამ მას არ აქვს სასაუბრო, რადგან ასეთ ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიტანს. ისინი ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობენ და სურთ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოვიდეს კობახიძე და თქვას, რომ სამუშაო პროცესი არის ფარსი, თუ ევროკავშირს ჩალის ფასი აქვს, რატომ ატყუებენ ამომრჩეველს, რომ ევროკავშირისკენ მიჰყავთ ქვეყანა,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები