,,მოლდოვასთან გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია”- ილია დარჩიაშვილი

,,მოლდოვასთან გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა.

დარჩიაშვილის შეფასებით, როგორც საქართველოს, ისე მოლდოვას აქვს განსაზღვრული კონკრეტული პრიორიტეტები, ევროპისგან მიღებული რეკომენდაციები  და ამ მიმართულებითაც მჭიდრო კოორდინაცია ექნებათ მოლდოვასთან.

„მოლდოვაში ვიზიტს აქვს ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა მოცემულ მომენტში – ერთი ის, რომ ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მოლდოვასთან. ვფიქრობ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ის, რომ ჩვენ შემოვიტანთ ახალ იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უფრო გაღრმავების, რაც ძალიან აუცილებელია დღეს. ხოლო მეორეს მხრივ, როგორც მოლდოვა, ისე საქართველო ისწრაფვიან ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. ჩვენ საერთო ევროპული მომავალი ავირჩიეთ ჩვენი საგარეო მიმართულების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ მოვახდინოთ მეტი კოორდინაცია, მეტი ერთობლივი ძალისხმევა როგორ გავწიოთ, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია, რათა ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაცია კიდევ უფრო ხელშესახები და შედეგიანი იყოს. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას.

როგორც საქართველოს, ისე მოლდოვას აქვს განსაზღვრული კონკრეტული პრიორიტეტები, რეკომენდაციები მიღებული ევროპისგან. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვექნება მჭიდრო კოორდინაცია, რადგან საერთო მიზანი გვაქვს და გვექნება კარგი თანამშრომლობა.

კიდევ ერთი მიმართულება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში არის ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი. ესეც იქნება საკითხი, რომელსაც მომავალში ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია და პრაქტიკულად მოვილაპარაკეთ, რომ მომავალ წელს გაიმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომელიც თავის მნიშვნელოვან იმპულსებს მოიტანს ამ მიმართულებითაც“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები