,,ცდილობენ, შემჭამონ, ტალახი ისროლონ – გენერალურ ბრძოლაში შევდივარ”- ლევან ხაბეიშვილი

,,უკანასკნელი დღეებია განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული პირადად ჩემზე და ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ “დამფლითონ”, შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, სამთავრობო მედიის, სახელისუფლებო “ექსპერტების”, სუს-ის მედია ჯგუფების და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების ღია თავდასხმა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ნათელია, რომ ისინი მისი სახელის “დემონიზებას”, დისკრედიტაციას ცდილობენ.

„გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობაც და მასშტაბიც, რა საქმესაც ვეჭიდები. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საკმარისზე დიდი გამოცდილება დავაგროვე რუს ოლიგარქებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან ბრძოლაში და შესაბამისად, ვერანაირი დაბრკოლება ვერ იმოქმედებს ჩემზე, ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ ჩემი სახელის “დემონიზებას”, დისკრედიტაციას და ათას სიბინძურეს იგონებენ, მიგონებენ. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ღია თავდასხმა სამთავრობო მედიების, სახელისუფლებო “ექსპერტების”, სუს-ის მედია ჯგუფების და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების. თვალს ადევნებთ პროპაგანდის ნიაღვარს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.

ერთადერთი რის გამოც გადავდგი ეს ნაბიჯი და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გენერალურ ბრძოლაში შევდივარ, არის ქართველი ხალხის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გონიერება, ნდობა, მხარდაჭერა და უანგარო სიყვარული. ვიმარჯვებთ და ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად. სიტყვას გაძლევთ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!,“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი თემები