,,ჩვენი უამრავი ჯარისკაცი შეეწირა, რომ მსოფლიოში სიმშვიდე ყოფილიყო, არაფერს ნიშნავს?”- კახა კალაძე

,,მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„მისასალმებელია ის, რომ ევროპული პერსპექტივა პირველად ჩაიწერა ოფიციალურ დოკუმენტაციაში და დარწუნებული ვარ ამას 23-ში ექნება მხარდაჭერა. რაც შეეხება დათქმებს, რომელიც სამივე ქვეყანას მოგვენიჭა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღწეული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია, დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ჩაიწერა ოფიციალურად ევროპული პერსპექტივა, მაგრამ გულდასწყვეტია ის, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხდა. და ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწვეტილება. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. უკრაინასთან მიმართებაში ომის გამო იქნა ეს გადაწყეტილება მიღებული, თუმცა გულწრფელად მინდა, უკრაინას, მოლდოვას მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. მათაც აქვთ შესაბამისი დათქმები განსახორციელებელი და ვიმედოვნებ, ისინიც შეძლებენ განხორციელებას“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა ევროპული მიმართულებით ქვეყნის წარმატების მისაღწევად.

„სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყეტილება. საქართველოს არასდროს არაფერში უკან არ დაუხევია, თუნდაც საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა ხარჯი გავიღეთ? უამრავი დაღუპული ახალგაზრდა ჩვენი ჯარისკაცი იმისთვის, რომ მსოფლიოში ყოფილიყო მშვიდობა. უამრავი ახალგაზრდა შეეწირა ამას. ეს რა, არაფერს ნიშნავს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ჩვენთვის ბევრ რამეს ნიშნავს და კარგად ვიცით, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ იყო ეს პოლიტიკური გადაწყეტილება მიღებული, რაც გულდასაწყვეტია,”- განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი თემები