“მოვითხოვთ ხელფასების 100%-იან მატებას”, – დავით ომსარაშვილი

ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმებულების საპროტესტო აქციაზე „სოლიდარობის ქსელის” იურისტმა დავით ომსარაშვილმა განაცხადა, რომ იმ დაპირებებს, რომლებიც 4 წელია ესმით ვეღარ ენდობიან და პროტესტსაც ამიტომ აგრძელებენ.

როგორც ომსარაშვილი აცხადებს, აქციის მონაწილეები ითხოვენ ხელფასის 100%-იან მატებას, რადგან მისი თქმით, არსებული ხელფასები სოციალურ აგენტებსა და სხვადასხვა სპეციალისტებს საარსებოდ არ ჰყოფნით.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აქ არ არიან შეკრებილი მხოლოდ სოციალური აგენტები. აქ შეკრებილია სოციალურ სფეროში მომუშავე არაერთი თანამდებობის პირი. ეს ადამიანები ითხოვენ ხელფასების მატებას, ვინაიდან ეს ხელფასი საარსებოდაც საკმარისი არ არის. შესაბამისად ეს ადამიანები იყენებენ კანონით მინიჭებულ ამ უფლებას და იფიცებიან იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დაპირებები გვესმის დაახლოებით ოთხი წელია, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, თუმცა სამწუხაროდ დაპირებები დაპირებებად რჩება. ჩვენ დაპირებას ვერ ვენდობით, ეს არის დასაქმებულების პოზიცია. ჩვენ გვინდა კონკრეტული გადაწყვეტილებები, ვითხოვთ ხელფასების 100%-იან მატებას. იმ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ამ მოთხოვნებზე, იმ სხვა მოთხოვნებზე, რომელიც ჩვენ ასევე გვქონდა, ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროტესტს”, – განაცხადა დავით ომსარაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება.

მსგავსი თემები