„უბედური შემთხვევა“ – ჯანდაცვის მინისტრი დევნილის თვითმკვლელობაზე

სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მისივე შეფასებით, ყველა გამოძიებას უნდა დაელოდოს და სხვა შეფასებებისგან თავი შეიკავონ.

„პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც, სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ხოლო რაც შეეხება სანატორიუმ „ქართლში“ და სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. ის პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს, რა გეგმებს უნდა მივყვეთ და იმ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პერიოდულად დევნილებს ეცნობებათ ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი და ჩვენ გამჭვირვალედ მივყვებით ამ პროცესს და იმ დათქმულ ვადებში ამ პირობებს შევასრულებთ“ – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ჯამში რჩება 46 ათას ოჯახამდე, რომელთა დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება.

„გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან,“- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ „ქართლიდან“ სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, ერთ-ერთი მამაკაცი მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.

მსგავსი თემები