ერთი პატარა ქუჩა, თავი დიდი რომ ჰგონია – ტერორისტი ქალის ქუჩა თბილისში 

  •  

სოფიო პეროვსკაია იყო პირველი ქალი, ვინც რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო პოლიტიკური დანაშაულისათვის დასაჯეს; დანაშაული კი იმპერატორ ალექსანდრე II -ზე ტერორისტული აქტის ორგანიზება – მოწყობა გახლდათ, რაც ორივე მხარისთვის სავალალოდ დასრულდა. იმპერატორი 13 მარტს ხელნაკეთმა ბომბმა იმსხვერპლა, ტერორისტი ქალი კი 15 აპრილს სიკვდილით დასაჯეს. ჰოდა, საბჭოთა ტერორის ეპოქაში გაჩნდა სოფიო პეროვსკაიას ქანდაკებები, სხვა და სხვა ქალაქებში მისი სახელობის ქუჩები და თბილისი რატომ იქნებოდა გამონაკლისი?! გაბაანთ უბანში, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებულ ქუჩას, რომელიც ქალაქის გეგმაზე ჯერ ახალი ქუჩის, 1903 წლიდან კი იმპერატორის ქალიშვილის, ანასტასიას სახელით იყო დატანილი, პეროვსკაიას სახელი მიანიჭეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ტერორისტი ქართველმა მეცნიერმა, უნივერსიტეტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელმა და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრმა (1940წ.) გიორგი ახვლედიანმა გადაფარა. ვარდებისა და სიყვარულის სურნელით გაჟღენთილი ქუჩის აბრებზე გაჩნდა გ.ახვლედიანი, თუმცა სწორედ ამ პერიოდიდან მყუდრო ქუჩაც გაქრა და ხმაურიანი თავშეყრის ადგილად იქცა. ავტომობილების სიმრავლის გამო, ამ ვიწრო ქუჩაზე ფეხით გავლაზე ხომ უბრალოდ შეუძლებელი გახდა.

ისე, ამ მყუდრო, პატარა ქუჩაზე სხვადასხვა დროს საამაყო ადამიანები ცხოვრობდნენ: ეგნატე ფიფია, შალვა ნუცუბიძე, გურამ საღარაძე, დევი სტურუაა (ქიაჩელის ქუჩის კუთხეში) და კიდევ ბევრნი, ვისზეც აუცილებლად გიამბობთ მომავალში. ქუჩის თავში, N2 -ში ეკლესია მდგარა (ათეიზმმა იმსხვერპლა), N 4–ში კი 1954 წელს დაიბადა კაცი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დააკლდა ქალაქს (ქვეყანას) და მის დასრულებულ თუ ოცნებადქცეულ პროექტებზე თაობები იმსჯელებენ.

ექიმი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ორგზის მოწვევის დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გახლავთ ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული არქივის “თბილისობა 2018” –ისადმი მიძღვნილი კვირეულის მეორე საღამოს გმირი. ბატონი ფრიდონი ბოლო წლები სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობდა და აქაც მრავალი საინტერესო წამოწყება დატოვა. მისი გამოსვლებისა და ლექციების ამონარიდებიდან შექმნილი ვიდეოკოლაჟი ვერ იძლევა სრულ სურათს , თუმცა გამგონი გაიგებს და შემსმენელი შეისმენს.

– “ფიდო, ის ღვაწლი, რაც შენ ქართული ენის დაცვის მიზნითა და მიმართულებით უკვე გაიღე, მხედველობაში მაქვს სახელმწიფო ენის კანონი ანუ მისი უკვე დღევანდელი არსებობა, ჩვენთვის ის მეტად მნიშვნელოვანი დასაყრდენი მოცემულობაა, რომლის ბოლომდე მიყვანაში შენ უკვე იმქვეყნიური საქართველოდან წაგვიკრავ ხელს”, – წერს კონსტანტინე ფხაკაძე.

ასეთი საქმეები უსიყვარულოდ ვერ კეთდება და ამიტომაც წერს ქალბატონი მარინე საყვარელიძე, – ფიდოც ყველაფრისგან გვერდზე დგებოდა, რაც სიყვარულს უჩრდილავდაო.

ალბათ, ოდესმე, სამშობლოსა და სიცოცხლეზე შეყვარებული კაცის სახელობის ქუჩაც გაჩნდება თბილისში და იქნებ პატარა დაფამაც დაამშვენოს გ.ახვლედიანი ქ.N4 – აქ ცხოვრობდა….  მე კი იმ დაფაზე ამოვტვიფრავდი: – “დილას შენი დანახვით გული სითბოს შეიძენს, მეტი რაღა სჭირდება ფრიდონ საყვარელიძეს”

წყარო: ფრიდონ საყვარელიძის გვერდი

 მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ

მსგავსი თემები