„რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ცენტრი“, – ასე ჰქვია დაწესებულებას, რომელიც ეთნოტურისტულ ცენტრს, სტალინის მუზეუმსა და სასტუმროს მოიცავს და რომელიც მხოლოდ რუს ტურისტებზეა გათვლილი. ამ ყველაფრის ინიციატორი კი გრიშა ონიანია, რომელიც ტურისტულ ცენტრს რუსეთსა და სტალინს უძღვნის. უფრო მეტიც, „მედიაცენტრ მთავარის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გრიშა ონიანი თბილისში სტალინის ნეშტის გადმოსვენებაზე მუშაობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ონიანი დღეს, 10:30 საათზე მედიაცენტრში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
როგორც ონიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მის მიერ დაფუძნებული ტურისტული ცენტრი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზეა გათვლილი, რადგანაც მას რუსეთისა და სტალინის ნოსტალგია აქვს.
გრიშა ონიანი: „ჩამოვაყალიბებ ტურებს რუსი ტურისტებისთვის. როგორც მე, რუსეთზე ორიენტირებული პიროვნება, უნდა გავაკეთო ისეთი პრინციპით, რომ ძირითადად რუსულენოვან ტურისტული ჯგუფებისთვის იმუშაოს. აქვე იქნება სტალინის მუზეუმი, სვანური ეთნოსის კუთხე-საცხოვრისი, იქნება სტუმრების მისაღები და დასასვენებელი სასტუმრო.“
კითხვაზე, რუსული ოკუპაცია ამ ყველაფერთან მიმართებაში სად იკარგება? ონიანის პასუხი ასეთია: „საერთოდ არ მაინტერესებს, ხალხი ამას როგორ მიიღებს. მე 82 წლის კაცი ვარ, ვარ პრორუსული ორიენტაციის, მე მინდა რუსეთთან ურთიერთობა, წინააღმდეგი ვარ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის, მე მინდა რუსეთთან ურთიერთობა და მეგობრობა. რუსეთშია ჩემი ყველაზე პატივსაცემი კაცი დასაფლავებული და ეს არი სტალინი“.
„მთავართან“ საუბრისას გრიშა ონიანი არ მალავს, რომ სტალინის გადმოსვენებაზეც მუშაობს: „შევეცდები, სტალინი საქართველოში გადმოვასვენო. არ დაგიმალავთ, გიდასტურებთ, რომ ამაზე მუშაობა დაწყებულია.“
კიდევ ერთი ინფორმაცია, გრიშა ონიანის ტურისტული ცენტრის შესახებ ის არის, იქ სსრკ-ს, გმირები (თუ ვინმე იქნება დარჩენილი ცოცხალი) და სოციალისტური შრომის გმირები ცენტრში 10 დღით უფასოდ დაისვენებენ. თავად ცენტრის დაარსების ორგანიზატორი კი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ცენტრი იქნება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით, ასევე სტალინის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დაწყებულ მოლაპარაკებებზე გრიშა ონიანი დრეს „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს.