„სტატუსი „ვაქცინირებული“ გაამარტივებს საზღვარგარეთ მოგზაურობას და  დასაქმებას“ – მინისტრი

„იმედი გვაქვს, ზედმეტი სავალდებულოობის შემოღების გარეშეც, ჩვენ მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას“ – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროებას ვერ ხედავს.

„მთავარია, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნილია. ახლა  საუბარი არის სხვადასხვა რეგიონში გარკვეულწილად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ეს ყველაზე მარტივი თემაა, რომელიც განმარტებითი საქმიანობით, ჩვენ შეიძლება გავანეიტრალოთ. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვფიქრობთ რაღაცა შეზღუდვების დაწესებაზე, რადგან ნებაყოფლობითია ვაქცინაცია. იმედი გვაქვს, ზედმეტი, სავალდებულოობის შემოღების გარეშეც, ჩვენ მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, არის გარკვეული მიმართულებები, სადაც აუცილებელი პირობაა ვაქცინაცია. როგორც თურნავა აცხადებს, სტატუსი „ვაქცინირებული“ უფრო გაამარტივებს უცხოეთში შესვლას.  

„არის რაღაც სფეროები, სადაც დასაქმება ხდება საერთაშორისო დონეზე. იქ არა საქართველოს კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით, დამსაქმებელი უკვე მოითხოვს სავალდებულოდ, ვაქცინირებული თანამშრომლების ყოლას.  ასევე, თქვენ იცით, რომ  შეზღუდვა შემოაქვს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, სტატუსი „ვაქცნირებული“ უფრო გაამარტივებს საზღვარგარეთ მოგზაურობას და  სხვადასხვა ტიპის დასაქმებას საზღვარგარეთ“- განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები