„არავის ლანძღვას და გინებას, განსაკუთრებით წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებთ“ – გიორგი გახარია

  •  

„უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, იმისთვის, რომ სახელმწიფო ემსახუროს საქართველოს მოქალაქეს, ბავშვებს, ჩვენს ხანდაზმულებს, სხვანაირად ჩვენს ქვეყანას წინ ვერ წავიყვანთ,“ – ამის შესახებ გიორგი გახარიამ აჭარაში, ხელვაჩაურში პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისის გახსნაზე განაცხადა. 

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ადგილობრივ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის ოფისი იქნება სახლი თითოეული მოქალაქისთვის. 

„დღეს, ხელვაჩაურში ვხსნით პირველ ოფისს და ეს არ იქნება ოფისი, ეს იქნება სახლი თითოეული ხელვაჩაურელისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტსაც და რა თქმა უნდა აჭარასაც და საქართველოსაც, საქართველოსთან ერთად წინ წავიყვანოთ ეს ქვეყანა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ეს ქაოსი, ლანძღვა, გინება, ცემა, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყოფილმა პრემიერმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ ის არავის წინააღმდეგია.

„საქმეზე რომ ვილაპარაკოთ მარტივი პრინციპები უნდა დავიცვათ, ჩვენ მართლა არავის წინააღმდეგ არ ვართ, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის წარმატებული მომავლის მომხრე, მეორე – ჩვენ არავის ლანძღვას და გინებას, განსაკუთრებით წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებთ,  იმიტომ რომ რაც ჩვენ გვაერთიანებს, გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნვა და მესამე – ყველას უნდა გვესმოდეს, უნდა ვეცადოთ ახალგაზრდებს გავუხსნათ გზა, ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალია“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები