შეშის საკუთარი ძალებით დამზადება ეტაპობრივად გაუქმდება

„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება“ – ამის შესახებ მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების 10 წლიანი ხედვის პრეზენტაციზე ისაუბრა აღნიშნა, რომ შეშის საკუთარი ძალებით დამზადება ეტაპობრივად გაუქმდება.  

მინისტრის თქმით, ტყის ახალი კოდექსის და სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს მერქნული რესურსით ორგანიზებული სარგებლობა წარმოადგენს.

„მერქნული რესურსით სარგებლობის სწორი განვითარება, რაც მოიცავს  ხე-ტყის დამზადებასა და მასთან დაკავშირებულ დამატებით ღირებულებებს, როგორიცაა ხე-ტყის ნარჩენით ბიომასისა თუ სხვა პროდუქტების წარმოება, ასევე, ხე-ტყის მეორადი გადამუშავება, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

სოციალური ჭრები, რაც გულისხმობდა მოსახლეობის მიერ შეშის საკუთარი ძალებით დამზადებას, ეტაპობრივად გაუქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“,  ქვეყნის მასშტაბით უკვე მოეწყო  26 „საქმიანი ეზო“, რასაც წლის ბოლომდე კიდევ ათი დაემატება.

„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება. სააგენტო მუშაობს ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებით“ – განაცხადა მინისტრმა.  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა  წარადგინა.

მსგავსი თემები