“რადიომაუწყებლობის კომპანიებს “საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის” მიმართ მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რადიომაუწყებლობის კომპანიებს მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ. მინისტრის თქმით, პანდემიის გამო, რადიომაუწყებლებს შემოსავლები შეუწყდათ ან შეუმცირდათ, რის გამოც დაგროვილი დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს მთავრობას და მარეგულირებელ კომისიას. 

“გადაწყვეტილება ვიცი, ძალიან გაუხარდებათ სხვადასხვა რადიომაუწყებელ კომპანიას. მოგეხსენებათ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს “საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი”, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს ანძებს. ანძების მეშვეობით ვაწვდით სიხშირეებს სხვადასხვა რადიომაუწყებელს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ და ასევე მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მა  რადიომაუწყებლობის კომპანიამ, რომლებმაც მოითხოვეს ამ “ტელე-რადიო ცენტრის” მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ მიერ, მთავრობის მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც, ძირითადი შემოსავალი რადიომაუწყებლების, რადიოკომპანიების არის რეკლამა.

მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, შემოსავლები ამ წყაროდან მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება რადიომაუწყებელი კომპანიების მიმართ,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი თემები