„სწრაფმიმავალი რეაბილიტაცია შეფერხდა სერიული კრუნჩხვებით დამძიმებული ეპილეპტური სტატუსის გამო“ – როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა?!

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას ახლა მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე და საქართველოს მადლიან ბუნებასთან კონტაქტი სჭირდება.  

„ძვირფასო მეგობრებო, ცოტნეს საკმაოდ სწრაფმიმავალი რეაბილიტაცია ამა წლის მარტში შეფერხდა სერიული კრუნჩხვებით დამძიმებული ეპილეპტური სტატუსის გამო, რომელიც ამჟამად გერმანელი ექიმების ძალისხმევით დაძლეულია და ისევ საიმედო გზაზე ვართ. გვაქვს ყოველდღიურად გარკვეული პროგრესი. უმძიმესი პერიოდები გავიარეთ აჯიბადემში, იალოვაში, ჰაიდელბერგში, უნასა და ოსნაბრუკში. საქართველოს საელჩო გერმანიაში ყოველდღიურად იღებდა ინფორმაციას, ჩართული იყო ორგანიზაციულ საქმიანობაში.

მთელი ამ ხნის მანძილზე, ვგრძნობდით საქართველოს მთავრობის და კანცელარიის უპირობო მხარდაჭერას და მადლობას მოვახსენებთ მის მესვეურთ. ის რაც ცოტნეს ახლა სჭირდება ეს არის სიმშვიდე, სრულიად პოზიტიური განწყობა და არავითარი ჩრდილები თუ დაძაბულობის ნარჩენი წარსული ცხოვრებიდან, ასევე ჭკვიანური, მიზანმიმართული და თანმიმდევრული რეაბილიტაცია, რაც სპეციალისტების ფიზიკურ შრომასთან და ჩართულობასთანაა კავშირში.

რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელობა ექნება ასევე ცოტნეს კონტაქტს საქართველოს მადლიან ბუნებასთანაც. მადლობა უპირველეს ყოვლისა ანა ჯაბაურს, ცოტნეს ცხოვრებისეულ თანამგზავრს, ვინც გარდა იმისა, რომ ცოტნეს გადასარჩენად თავგადადებული იბრძოდა სრულიად არაორდინალურ ვითარებაში, ასრულებდა არამარტო თავზე მდგომის, არამედ ყველანაირ, მათ შორის ჩვეულებრივი სანიტარის და მომვლელის ფუნქციებსაც. მადლობა ჩემს ძმას, გიორგის, რომელმაც გამოსავალი მოძებნა არაერთ კრიტიკულ სიტუაციაში, ასევე ანი აბულაძეს, გიორგის მეუღლეს, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ოფიციალური თუ არაოფიციალური კუთხით ჩართული იყო ამ ამბებში. ასე რომ ძალიან იმედიანად ვართ“ – აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.

მსგავსი თემები