„6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ“ – ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

„აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრს და იმ ძვირადღირებული საათის ფოტო წარუდგინა, რომელის 6665 ადამიანის საარსებო მინიმუმის ტოლფასია.

დეპუტატმა პრემიერი ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა და პარალელურად, 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტის არსებობაც შეახსენა.

„ბატონო ირაკლი, 1 ლარი და 50 თეთრი იცით, რას აღნიშნავს ან 73 თეთრი? თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით – ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1 ლარად და 50 თეთრად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. ომის ვეტერანებს ეუბნებით, რომ 73 თეთრად გამოიკვებონ. აქ არის 30 ათასი ლარი, დამრგვალებულია თქვენი ერთი თვის ხელფასი, ყოველდღიურად 1003 ლარს იღებდით, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული იმ ფონზე, როდესაც 73 თეთრად გინდათ, რომ გამოიკვებონ ომის ვეტერანები“ – მიმართა ღარიბაშვილს ხაბეიშვილმა.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ერთ საათში 300 000 აქვს გადახდილი.

„2,5 დოლარი და 1,9 დოლარი – ეს პენსია და საარსებო მინიმუმია. ამასობაში, 425.670 ლარი აბა რას გეუბნებათ ბატონო ირაკლი და მერე 71? ეს თანხა თქვენ და თქვენმა მეუღლემ გადაიხადეთ 2 ავტომობილში. 71 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღურად, რომ თქვენნაირი ავტომობილი იყიდოს. 300 ათასი ლარი და 6665 ადამიანი – ალბათ, ამასაც ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს. 6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა.  

მსგავსი თემები