“რამდენიმე მცირე ზომის პანსიონში გადანაწილდებიან ბავშვები” – ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე

“2022 წლის პირველი აპრილისთვის ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ დიდი ზომის პანსიონები მოგვერგო ახალ სტანდარტებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირე ზომის დაწესებულებაში 12-ბავშვამდე განთავსდებოდა, რაც უფრო მეტად კეთილმოწყობილ გარემოს გულისხმობს, რაც უფრო მეტად იქნება ოჯახურ პირობებთან დაახლოებული”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„გარკვეულმა ვნებათაღელვამ, კარჩაკეტილობამ გამოიწვია ის რომ, ეს საკითხი მძაფრად დადგა. გუშინდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი და ვგეგმავთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე ეს პროექტი განხორციელდეს. რამდენიმე მცირე ზომის პანსიონში გადანაწილდებიან ბავშვები და საპატრიარქოს ზედამხედველობის ქვეშ შეძლებენ ამ პანსიონით სარგებლობას“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, 3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებული დარღვევების გამო, სასამართლომ პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები