„დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები და ჯოჯოები“ – სააკაშვილის მორიგი მიმართვა ამერიკიდან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ნიუ-იორკიდან ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს, ცოტაც მოითმინოს.

მისი თქმით, ყველა ჩამოსვლაზე ესმის, რომ ადამიანები გარბიან საქართველოდან, დღეს ერთი ჩამოვიდა, ხვალ მეორე მოდის ოჯახში და ასე შემდეგ. მისივე თქმით, საუბარია კვალიფიციურ კადრზე რომელიც ქვეყანას ეცლება.  

„ეს არის მაღალი კვალიფიკაციის ხალხი – ინჟინრები, აიტი სპეციალისტები, ოფიცრები მაღალი კვალიფიკაციით. ნუთუ გვინდა, რომ ჩვენი ბედი იყოს მომსახურე პერსონალი. მესმის, რომ შიმშილია საქართველოში მაგრამ მეც აქ მიცხოვრია. ამ შენობაში 1994 წელს ვმუშაობდი ამერიკაში, მაშინ 5 კინკილა ქართველი ვიყავით ამერიკაში. ძალიან მაგარ იურიდიულ ფირმაში ამიყვანეს. უზარმაზარი ხელფასი მქონდა, ბევრ ქართველს დღესაც არ დაესიზმრება და ეს იყო 26 წლის წინ, მაგრამ გიჟს ვგავდი.  დავყარე ყველაფერი, სამსახური, პერსპექტივა და გავიქეცი მშიერ, ჩაბნელებულ და ძალიან საშიშ საქართველოში“ – აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე თქმით, გერმანიისა და პოლონეთის აეროპორტები სავსეა ქართველი ემიგრანტებით.

„საქართველოს ზურგზე ვერ მოიკიდებ და ვერ წამოიღებ. ცოტა ხანი კიდევ გაძელით. თუ ასე გაგრძელდა სოფლებში მარტო მოხუცები დაგვრჩება. გავსებულია პოლონეთის და გერმანიის აეროპორტები ქართველებით. გული მევსება, დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები და ჯოჯოები. მათ უტოვებთ საქართველოს? ცოტა ხანი კიდე გაძელით ხალხო. მესმის, რომ ცხოვრება ერთია და ყველა მოთმინებას, ჭაობში ცხოვრებას ყოველთვის აქვს საზღვარი, მაგრამ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ხალხო, დამიჯერეთ რა “, – აღნიშნავს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ამერიკიდან გაავრცელა.   

მსგავსი თემები