დღეს ქალაქის საყოველთაო კურთხევა მოხდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები დედაქალაქში მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ და ქუჩებს აკურთხებენ. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება.

როგორც მოძრაობა “დავითიანის” ხელმძღვანელმა, კოტე სვანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ქალაქის ქუჩებთან ერთად, მოსახლეობის კურთხევაც მოხდება.

“გაიმართება სასულიერო პირების მსვლელობა ავტოკოლონებით,  დალოცავენ მოსახლეობას, აკურთხებენ ქუჩებს და ამით აღვნიშნავთ წლევანდელ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს. ასევე, 11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება მცირე აიაზმა, წყლის კურთხევა. მსვლელობა კი შემდეგ დაიძრება”, – გვითხრა კოტე სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.

მსგავსი თემები