უფასო სამედიცინო აქცია ხარაგაულში მცხოვრები ვეტერანებისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები  ჩაატარეს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ვეტერანთა სამსახურიდან აცნობეს, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 90 ბენეფიციარს.

განხორციელდა 400-მდე სამედიცინო ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც. აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შემადგენლობა, ჩაფიძის კლინიკასთან ერთად, ჩამოსული ვართ გეგმიურ შემოწმებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხდება ვეტერანებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება,რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, პრევენციული ღონისძიებები ვატაროთ შემდგომ რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩაფიძის კლინიკის პერსონალს, ხარაგაულის მერს, მუნიციპალიტეტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებაში და ეფექტურად ჩატარებაში იყვნენ ჩართულები“ – აღნიშნა კობა კობალაძემ.

დღესვე, კობა კობალაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა, მოისმინა ის საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც, თითოეული მათგანის წინაშე ჯერ კიდევ დგას.

მხარეებმა იმსჯელეს ამ გამოწვევათა დაძლევის გზებზე. კობა კობალაძემ, ბენეფიციარებს, სამსახურის მიერ, რეგიონში მცხოვრები ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური თანადგომისთვის შემუშავებული პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 111 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს, უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 440 ბენეფიციარს.

მსგავსი თემები