“არა მხოლოდ “ლელოსთან”, არამედ სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას” – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფრაქციას “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ხვდება.  პარლამენტის თავმჯდომარე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გეგმავს შეხვედრას.

“გაცნობითი სახის შეხვედრაა, რადგან ზოგს ვიცნობ, ზოგს არ ვიცნობ. მაქვს სურვილი, არა მხოლოდ “ლელოს”, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხვდე. რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად არიან პარლამენტის წევრები, თუ რამე დახმარება სჭირდებათ, ტექნიკური იქნება თუ სხვა სახის, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერა. ამიტომ არა მხოლოდ “ლელოსთან”, არამედ სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას. ყველა საკითხზე ვისაუბრებ, რაც მათთვის აქტუალურია,” – აღნიშნა კახა კუჭავამ.

ლელოს წევრის დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი პუნქტების შესრულებას შეეხება.

“გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მივმართეთ ახალი ფრაქციის დარეგისტრირების თაობაზე. ამის შემდეგ მან გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი. ჩვენი მხრიდან საუბარი შეეხება მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების დროულ და ხარისხიან შესრულებას. 

ჩვენ გვექნება მზაობა, ამ შეთანხმების სულისკვეთებით რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მივიღოთ გადაწყვეტილებები. შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით საფრთხეები უნდა ავიცილოთ თავიდან. შეთანხმებამდე მისვლა იყო ძალიან რთული, მისი შესრულებაც არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს რთული გზა უნდა გავიაროთ ქვეყნის სასიკეთოდ,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” პარლამენტში ფრაქცია შექმნა. “ლელოს” პარლამენტში ოთხი მანდატი აქვს და მათ ფრაქციას შეუერთდნენ სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

მსგავსი თემები