იყო ფრენის საშიშროება, თუმცა, ისრაელიდან საქართველოში 166 მოქალაქე ჩამოიყვანეს

საომარი მოქმედებების შემდეგ, ისრაელიდან თბილისის მიმართულებით  პირველი რეისი განხორციელდა. თელ ავივ-თბილისის, საქართველოში 166 მგზავრი ჩამოიყვანეს.  თვითმფრინავის აფრენამდე გამაფრთხილებელი „სირენაც“ ჩაირთო, როს გამოც თვითმფრინავს დაყოვნება მოუწია.

როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, იყო გარკვეული საშიშროება, თუმცა, რეისი წარმატებით განხორციელდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მაღალპროფესიონალ მფრინავებს, ხომალდის მეთაურებს და ტექნიკურ სამსახურს, რადგან კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, ამოცანა შევასრულოთ წარმატებით. გუშინ იყო ფრენების საშიშროება, ბენგურიონის აეროპორტი დაიკეტა და არ ვიცოდით, დღეს შევძლებდით თუ არა ფრენის განხორციელებას, მაგრამ ყველას სასიხარულოდ, გაიხსნა აეროპორტი და აღდგა ფრენები. ისრაელში ჩვენმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ ფრენა არის უსაფრთხო. ჩვენ მიერ უსაფრთხოების ყველა ზომა შემოწმდა და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ჩვენს მგზავრებს და ხომალდს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, განხორციელდა წარმატებით რეისი.

ჩამოვიდა ბორტის ხელმძღვანელი, მგზავრები, ყველანი კმაყოფილები არიან და ყველაფერი დროზე და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდა. აქედან გაფრინდა დღეს 17 მგზავრი, ისრაელიდან ჩამოფრინდა 166 მგზავრი“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

მსგავსი თემები